ანკარა: ერდოღანმა პუტინს ხაზგასმით განუცხადა, რომ თურქეთი არ აღიარებს მოსკოვის ბოლო ნაბიჯებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. თურქული მედიის ცნობით, პუტინთან საუბარში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის დეესკალაციისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად და ანკარაში უმასპინძლოს პრეზიდენტ პუტინს. ინფორმაციას თურქული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა არ აღიარებს მოსკოვის ბოლო ნაბიჯებს, რომლებიც არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასთან, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის დავის გადაწყვეტის მნიშვნელობას მინსკის შეთანხმებების საფუძველზე.

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება დიალოგის გზით დავის მოგვარებისკენ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ინარჩუნებს კონსტრუქციულ პოზიციას NATO-ს ფარგლებში.


პუტინი-ერდოღანის საუბრის შემდეგ, კრემლმაც გამოაქვეყნა ცალკე განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ორმა ლიდერმა მოსაზრებები გაცვალა რუსეთის მიერ ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარების შესახებ. ნათქვამია, რომ პუტინმა ეს ნაბიჯი ახსნა "დონბასში უკრაინის ხელისუფლების აგრესიით და მათი კატეგორიული უარით მინსკის შეთანხმების შესრულებაზე".

პუტინმა ასევე გამოხატა იმედგაცრუება აშშ-სა და NATO-ს რეაქციით და განაცხადა, რომ მათ „რუსეთის ლეგიტიმური შეშფოთების და მოთხოვნების“ იგნორირება მოახდინეს“.