ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმეს

25 თებერვალს, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს უმასპინძლა. ელჩებმა უკრაინის მთავრობისა და მოსაახლეობისადმი ევროკავშირის სოლიდარობა გამოხატეს.

განიხილეს უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია და გამოხატეს ევროკავშირის სრული სოლიდარობა უკრაინის მოსახლეობისადმი. ელჩებმა დაგმეს რუსეთის საფუძველს მოკლებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და გამოხატეს ღრმა მწუხრება ადამიანების დაღუპვისა და ტანჯვის გამო.

ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განაგრძობენ რუსეთის აგრესიაზე მკაცრ რეაგირებას, მათ შორის მიზანმიმართული შემზღუდავი ზომების დაწესებისა და უკრაინის მხარდაჭერის საშუალებით. ინფორმაცია ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.


24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.

საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.

22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

24 თებერვალს, გვიან ღამით:

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა


ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.