მეუფე იაკობი: აქ არც NATO-ზეა ლაპარაკი და არც ევროკავშირზე, უბრალოდ არ მოსწონთ ის, რომ ვიღაცის მონა არ ხარ

აქ არც NATO-ზეა ლაპარაკი და არც ევროკავშირზე, უბრალოდ არ მოსწონთ ის, რომ ვიღაცის მონა არ ხარ. მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი. მინდა ჩემს ერს მოგმართოთ: დავფიქრდეთ თუ რის წინაშე ვდგავართ, ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს რომელიმე მხარეს დადგომა და შეშინებულები არ უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა.

„როგორც კი ომი დაიწყო, ჩემთვის იქ დამთავრდა ერთ-ერთი მხარის სიმართლეზე ლაპარაკი, რადგან არ შეიძლება ბოლომდე შეიარაღებულებმა ბოლომდე დაჩაგრონ ვიღაც იმის გამო, რომ იარაღით ვერ ერევა მას. მე თუ თავისუფალი ვარ და დამოუკიდებელი, მე ჩემი არჩევანი უნდა მქონდეს. აქ არც NATO-ზეა ლაპარაკი, არც ევროკავშირზე, უბრალოდ არ მოსწონთ ის, რომ ვიღაცის მონა არ ხარ. მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი, მე პირადად ასე მირჩევნია", - განაცხადა მეუფემ.

24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.

საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.

22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

24 თებერვალს, გვიან ღამით:

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.