ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი საბავშვო ბაღებზე თავდასხმაში დაადანაშაულა. „არაფერი ახსნის იმას, თუ რატომ ხდება საბავშვო ბაღების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას. მისი თქმით, დანაკარგები ორივე მხარეს არის.
- ჩვენი მთავარი მიზანია ამ ხოცვა-ჟლეტის დასრულება. მტრის დანაკარგები ძალიან მძიმეა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ასევე ვიღებთ ზარალს.
- ძალიან მძიმე ღამე იქნება, თუმცა დადგება დილა. მტერი გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ ძალას უკრაინელების წინააღმდეგობის გასატეხად. ამაღამ შტურმს დაიწყებენ. უნდა გავუძლოთ. უკრაინის ბედი ახლა წყდება. დარტყმის ქვეშ არის ჩვენი ბევრი ქალაქი. განსაკუთრებული ყურადღება კიევს. არ შეიძლება დედაქალაქის დაკარგვა.
აშშ-მ პუტინს და ლავროვს სანქციები დაუწესა
24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.
საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
24 თებერვალს, გვიან ღამით:
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა
ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.