ჩინეთმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა პეკინს სამხედრო დახმარება სთხოვა. პეკინი ვაშინგტონს „დეზინფორმაციის გავრცელებაში“ ადანაშაულებს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა.
ოფიციალური პირის თქმით, რუსეთმა ასევე სთხოვა ჩინეთს დამატებითი ეკონომიკური დახმარება, იმ ზარალის წინააღმდეგ, რომელიც მისმა ეკონომიკამ დასავლეთის მძიმე სანქციების შემდეგ განიცადა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ჩინელ დიპლომატს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრს და კომპარტიის საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორს იან ცზეჩის შეხვდება. მოლაპარაკებები 14 მარტს, იტალიის დედაქალაქ რომში იმართება.
Reuters-ი წერს, რომ პეკინმა რუსეთის თავდასხმა არ დაგმო და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.