აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ,,ნამდვილი ავაზაკი" უწოდა. CNN-ის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინი დიდ ფასს იხდის თავისი აგრესიისთვის.
ბაიდენმა ასევე დაამატა, რომ პუტინი არის ,,მკვლელი დიქტატორი, ნამდვილი ყაჩაღი, რომელიც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ამორალურ ომს აწარმოებს. უფრო ადრე, 16 მარტს, ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა.
ცნობისთვის, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო.
ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია.
ასევე წაიკითხეთ
ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა
აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს