გერმანია რუსული გაზის საფასურს ევროთი ან დოლარით დაფარავს, როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული. G7-ის ქვეყნების შეთანხმება ძალაშია, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებესტრეიტი განაცხადა ოლაფ შოლცისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით.
გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ 1-ელი აპრილიდან რუსეთში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა ანაზღაურდეს და ევროპული კომპანიებისთვის არაფერი იცვლება. შოლცთან სატელეფონო საუბარში პუტინმა თქვა, რომ თანხა ჯერ „გაზპრომ ბანკში“ გადაირიცხება, შემდეგ კი რუსეთში - რუბლებში. „გაზპრომ ბანკი“, ამ დროისთვის, სანქცირებული არ არის.
გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით „შოლცი ამ პროცედურას საუბარში არ დათანხმდა, თუმცა მის უკეთ გასაგებად წერილობითი ინფორმაცია ითხოვა".
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში რუსული გაზის გიგანტის „გაზპრომის“ ოფისი ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემის ინფორმაციით „გაზპრომის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. კომპანია გაზის საფასურის რეკორდულად ზრდაშია ეჭვმიტანილი.
30 აპრილს გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება. მთავრობამ გაზის მიწოდების მოქმედი რეგულაციის შესაბამისად გაფრთხილების ადრეული რეჟიმი აამოქმედა.
მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ თუ „არ იქნება გადახდა რუბლში, არ იქნება გაზი“. პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „რუსეთი ამ მიმართულებით ქველმოქმედი ვერ იქნება“.
23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.
ასევე წაიკითხეთ
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება