ნედ პრაისი: აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ აშშ არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს ტერიტორიის დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს. ამის შესახებ Reuters წერს. 

მისივე თქმით, ამერიკა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და [ე.წ.] სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.
 
„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს შემადგენელი ნაწილების ოკუპაციას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, რაც მოიცავს რუსეთის ჯარების გაყვანას კონფლიქტამდელ პოზიციებზე. არც დე ფაქტო მთავრობას და არც რუსეთის ოფიციალურ პირებს არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები [ე.წ] სამხრეთ ოსეთის მომავლის შესახებ, რომელიც არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ისევე როგოც აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალურ დაკავებას და ანექსიის მცდელობას 2014 წელს, ასევე არ ვაღიარებთ კრემლის ცინიკურ მცდელობას, აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რაც წინ უძღოდა რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვიცირებულ შეჭრას. ასევე ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის ან მისი მარიონეტების ნებისმიერი ძალისხმევის შედეგს, რაც მიმართული იქნება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფისკენ. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

30 მარტს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სურვილი აქვს რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს. 

დღეს, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს,  ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“ - ასე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა

კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს, მათ შორის არც იურიდიულს, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის, გადაწყვეტილების კომენტირებისას.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრისა და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. 

ასევე წაიკითხეთ

 ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ

 ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს

საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა