სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული კითხვარი საქართველოს 11 აპრილს გადაეცემა. ამის შესახებ ვარჰეიმ Twitter-ზე დაწერა.
„ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო", - წერს ვარჰეი.
უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 8 აპრილს განაცხადა.
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს საქართველო მომავალ კვირაში მიიღებს.
2022 წლის 3 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა.
ასევე წაიკითხეთ
„ასოცირების ტრიოს“ გზავნილი ევროკავშირს
რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი