„როგორი იქნება ენერგიის ფასი?- ყველაზე მეტად ამ მომენტში ეს გვაღელვებს“, მაგრამ „იტალია არ აპირებს, დაადოს ვეტო სანქციებს, რომლებიც ეხება ენერგიას“, - ამის შესახებ CNN-ს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განუცხადა.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რა შემთხვევაში არ დაადებს რუსული ენერგომატარებლების ემბარგოს ვეტოს.
„მაგალითად, არიან საწარმოები, რომლებიც ელექტროენერგიაში 400%-ს ან უფრო მეტს იხდიან. ამ მომენტში ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს სპეკულაცია, ენერგიაზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებით“, - აღნიშნა დი მაიომ CNN-თან. იტალია ამ მოსაზრების გაჟღერებას ევროკომისიის წინაშე აპირებს.
„ჩვენ ამის მიღწევა [სპეკულაციური ფასის გამორიცხვა] ევროპული ენერგობირჟის მეშვეობით გვსურს. ამით უკიდურეს შემთხვევაში ოჯახებისთვის სტაბილური ფასების შენერჩუნებას შევძლებთ“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დი მაიომ ამ საკითხზე კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ალჟირში იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტისას ენერგომატარებლების იმპორტის ზრდაზე პირველადი ხელშეკრულება გაფორმდა.
4 აპრილს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ზაგრებში ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა რომ ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამო რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს მხარს დაუჭერს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იტალია ცდილობს, ენერგომატარებლებზე ფასის ზრდის მიუხედავად, რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება შეამციროს.
ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. 23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.
ასევე წაიკითხეთ
იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა