ავსტრიის კანცლერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას უთხრა, რომ გაზის საფასურის ევროში გადახდის გაგრძელება შესაძლებელია. კარლ ნეჰამერის განცხადებით, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა ავსტრია, უნგრეთი და ბულგარეთი, დიდად არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე და გაზის არმიწოდება ავსტრიაში მრეწველობას, ასევე, ოჯახებს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
„მან [პუტინმა] ამიხსნა, რომ გადახდები შეიძლება, გაგრძელდეს ევროში“, - ციტირებს ნეჰამერს ავსტრიული საინფორმაციო სააგენტო APA.
ნეჰამერი 9 აპრილს ეწვია უკრაინის დედაქალაქს, იმავე დღეს კი რუსეთში, პუტინს შეხვდა.
ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრისა და სტამბოლში დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ მოსაზრებებს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან უახლოეს მომავალში გაცვლის. რუსეთში ვიზიტის კრიტიკის საპასუხოდ კანცლერმა განაცხადა, რომ პირადად შეხვედრა სატელეფონო ზარებზე უფრო ეფექტიანია.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს.
ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ.
შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.
ასევე წაიკითხეთ
Reuters: მსხვილი მოვაჭრეები 15 მაისიდან რუსული ნავთობის შესყიდვას შეაჩერებენ
DW: გერმანია აცხადება, რომ პუტინი გაზის საფასურის ევროში გადახდას დათანხმდა