რუსული ტრანსნაციონალური კომპანია „გაზპრომი“ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 15 აპრილის პერიოდში გაზის ექსპორტის შემცირების შესახებ აცხადებს. კერძოდ, 2021 წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიას გაზის ექსპორტი 26,4%-ით შეუმცირდა და 44,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. მონაცემი კომპანიის Telegram არხზეა ხელმისაწვდომი.
ასევე შემცირებულია კომპანიის მიერ ადგილობრივ ბაზარზე მიწოდება 3,6%-ით (3,9 მილიარდი კუბური მეტრი). ამასთან გაზრდილია გაზის ექსპორტი ჩინეთში მილსადენით „სიბირის ძალა“. Gas Infrastructure Europe-ს მონაცემებით, 19 მარტს ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავების რუსული გაზით შევსების პროცესი დასრულდა. ამ დროისთვის გაზის მარაგები 51 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რაც 2021 წლის მონაცემებზე 5,5 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს.
ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ.
შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.
ასევე წაიკითხეთ