საფრანგეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და თვითმავალ „ჰაუბიცებს“ მიაწვდის

საფრანგეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს (Milan) და თვითმავალ „ჰაუბიცებს“ (Caesar) მიაწვდის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„უკრაინას მნიშვნელოვან აღჭურვილობას კვლავ ვაწვდით, მათ შორის Milan-ს და Caesar-ს. ვფიქრობ, ეს გზა უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ არსებობს წითელი ხაზი... კონფლიქტის მხარე არ უნდა გავხდეთ", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რომ უკრაინის ოფიციალური პირები, მათ შორის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, არაერთხელ სთხოვდა ევროპას და NATO-ს ძალებს, მიეწოდებინათ უფრო მძიმე იარაღი, განსაკუთრებით საარტილერიო, რადგან რუსეთი ახალ თავდასხმას იწყებდა აღმოსავლეთ რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორიცაა აშშ, სწრაფი რეაგირება მოახდინა, სხვები, განსაკუთრებით ევროკავშირის მძიმეწონიანი წევრი, გერმანია მოსკოვთან შემდგომ დაპირისპირებას უფრთხის.


შეგახსენებთ, 19 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს.


19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ამავე თემაზე