რუსეთმა აჩვენა მკაფიო მზადყოფნა, უკრაინაში ომის ესკალაციისთვის და გააძლიერებს საომარ მოქმედებებს მომდევნო რამდენიმე კვირაში, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან საუბრისას.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაკრონმა განაცხადა, რომ მოელის ვითარების გაუარესებას 9 მაისამდე, რომელიც ცნობილია როგორც გამარჯვების დღე რუსეთში.
„9 მაისიდან გამომდინარე, რუსეთი გააძლიერებს თავდასხმებს აღმოსავლეთ უკრაინაზე და ჩვენ მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის შემდგომი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე მიუთითა, თუმცა დაამატა, რომ ჯერ არ არის რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დრო.
მაკრონმა აღნიშნა, რომ მისი მემარჯვენე კონკურენტის მარინ ლე პენის გამარჯვება ევროკავშირის და ფრანკო-გერმანული ღერძის დასასრულს ნიშნავს, მისი ევროსკეპტიური და პრორუსული პოზიციების გამო.
„ვფიქრობ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ“, - დაამატა მაკრონმა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს.
ასევე წაიკითხეთ