მსოფლიო ბანკი უკრაინის აღდგენისთვის $4,8 მილიარდს გამოყოფს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკი უკრაინას აღდგენისთვის 4,8 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ცნობილი გახდა 21 აპრილს, ვაშინგტონში გამართული მრგვალი მაგიდის შემდეგ, რომელშიც უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება თვეში 7 მილიარდ დოლარამდე მხარდაჭერა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად საჭიროა 4-დან 5 მილიარდ დოლარამდე. 


შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.