ერდოღანი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან მოლაპარაკებებს გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ანკარა მზადაა მოაწყოს რუსეთისა და უკრაინის მეთაურთა შეხვედრა, იტყობინება Anadolu. ერდოღანმა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში პროგრესის იმედიც გამოთქვა. ამ მიზნით, ერდოღანი მომდევნო 48 საათის განმავლობაში რუს და უკრაინელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარს გამართავს, იმედით, რომ ორივეს სტამბოლში უმასპინძლებს. 

„პროგრესი არის, თუმცა, სასურველისგან შორსაა. ჩვენ პროგრესის იმედი გვაქვს. მედს არ ვკარგავთ", - განაცხადა ერდოღანმა.


თურქეთში დაწყებული მედიაციის პროცესი ასევე ყველაზე საიმედო მეთოდია კრიზისის დასაძლევად და საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან მარკ რუტესთან სატელეფონო საუბრისას.

„ნიდერლანდები რჩება კონტაქტზე ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, რათა კიდევ უფრო გააღრმაოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი", - დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, რუტემ.


შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.