უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის დაბომბვა განაახლეს და შტურმის განხორციელებას გეგმავენ.
„მტერი ცდილობს, საბოლოოდ ჩაახშოს მარიუპოლის დამცველთა წინააღმდეგობა „აზოვსტალის“ რაიონში. განაახლეს საჰაერო დარტყმები ქარხნის ტერიტორიაზე, ჩვენი ჯარების თავდაცვის ზონაზე და ცდილობენ, განახორციელონ თავდასხმითი ოპერაციები“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ასევე წაიკითხეთ
- ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს
- მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს
- მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას
- ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
- როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს