„მე არ მეშინია პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის. უბრალოდ არ მაქვს უფლება, მეშინოდეს, რადგან ჩვენ ხალხმა აჩვენა, რომ არაფრის ეშინია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
„მათ შიშველი ხელებით გააჩერეს ტანკები. როგორც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ეროვნულმა გვარდიამ. ხალხს ეშინია მათი შვილების გამო, დიახ. ამიტომ, ნორმალურ ლიდერს არ უნდა ეშინოდეს, როცა საქმე ჩვენს სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობას ეხება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დონბასის ბრძოლების შემდეგ გაიმართება. მისი თქმით, კიევი გამარჯვებისთვისაა განწყობილი. თავად ზელენსკიმ, აპრილის დასაწყისში თქვა, რომ პუტინთან შესახვედრად მზადაა და არ გამორიცხავს, რომ ეს შეხვედრა არ შედგება.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ასევე წაიკითხეთ