„ჩვენ ელჩს მეგობრულ საქართველოში აუცილებლად დავაბრუნებთ, როგორც კი ვიგრძნობთ თქვენი მთავრობის ლიდერების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე განაცხადა და უკრაინის ელჩის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არ დაწესებასთან დაკავშირებით. „მოვისმინე გზავნილები, რომ მათ ქვეყნის ეკონომიკა უნდა დაიცვან. რა ეკონომიკა? საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უკვე წაართვეს. მათ [რუსებმა] თითქმის თბილისამდე მიაღწიეს. რომელი ეკონომიკა? მე მგონია, რომ ეს ამად არ ღირს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1-ელ მარტს, ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ელჩს იწვევს კონსულტაციებისთვის უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო. საქართველოს გარდა, უკრაინამ კონსულტაციებისთვის ასე გაიწვია ყირგიზეთში უკრაინის ელჩი.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ასევე წაიკითხეთ