შალვა პაპუაშვილი: უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე აღარ გაიმეორა ბრალდება ე.წ. კონტრაბანდაზე

უკრაინის პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე ვნახეთ, რომ მან აღარ გაიმეორა ის ბრალდება, რომელიც ე.წ. კონტრაბანდას შეეხება და ამით დაადასტურა, რომ ბრალდება, რომელიც წარდგენილი იყო საქართველოს მიმართ არამართებული იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„უკრაინის პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე ვნახეთ, რომ მან აღარ გაიმეორა ის ბრალდება, რომელიც ე.წ. კონტრაბანდას შეეხება და ამით დაადასტურა, რომ ბრალდება, რომელიც წარდგენილი იყო საქართველოს მიმართ არამართებული იყო. რაც შეეხება სანქციებს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენლიდან რიტორიკაში არის ასეთი მიდგომა, რომ თითქოს ქართველი ხალხი მხარს უჭერს, ხოლო ხელისუფლება გარკვეულწილად შეკავებულია. ამ გამიჯვნას, ხალხსა და მის ხელისუფლებას შორის, ერთადერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელიც ამ ინსტრუმენტს იყენებს და იყენებს უკრაინის მიმართებაში, როდესაც ხალხს მიჯნავს მისი არჩეული ხელისუფლებისგან. ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს ამ ქვეყანას და წარმოადგენს ამ ქვეყანას. ამიტომ, ნებისმიერი გამიჯვნა ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას შორის, მიუღებელია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


 ასევე წაიკითხეთ

რუსლან სტეფანჩუკი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ, ქართველები გაერთიანებული ჩამოვედით კიევში, რათა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს, გავიზიაროთ მათი ტკივილი და დავდგეთ უკრაინელი ერის გვერდით

თეა წულუკიანი: უკრაინაში დელეგაციის ვიზიტით ბევრი გაუგებრობა გაიფანტა