ანტონიო გუტერეშთან შეხვედრისას დეტალურად ვისაუბრეთ, რომ ეს ვითარება დიდწილად გროვდებოდა და გადამწყვეტ კონტექსტში ეს მოხდა ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მათი მოკავშირეების მიერ NATO-ს შეუზღუდავი გაფართოების, უნიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების კურსის შედეგად, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ და ამაზე ანტონიო გუტერეშთან შეხვედრისას დეტალურად ვისაუბრეთ, რომ ეს ვითარება დიდწილად გროვდებოდა და გადამწყვეტ კონტექსტში ეს მოხდა ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მათი მოკავშირეების მიერ NATO-ს შეუზღუდავი გაფართოების, უნიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების კურსის შედეგად“,- განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში გუტერეში თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო მიზანი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვის შემდეგ, გუტერეში უკრაინაში გაემგზავრება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ასევე წაიკითხეთ
- ანტონიო გუტერეში: პრეზიდენტო პუტინო, კაცობრიობის სახელით მოგმართავთ, დააბრუნეთ თქვენი ჯარები რუსეთში
- ანტონიო გუტერეში: აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს
- ანტონიო გუტერეში რუსეთში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება
- ანტონიო გუტერეში მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება