ანტონიო გუტერეში მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება. 

"მოსკოვმა მყისიერად უპასუხა გაერო-ს გენერალური მდივნის ინიციატივას რიგ საკითხებზე მორიგი კონტაქტის დამყარების შესახებ, მათ შორის უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც მრავალი პრობლემის კატალიზატორი გახდა", - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში გუტერეში თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო მიზანი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვის შემდეგ, გუტერეში უკრაინაში გაემგზავრება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


ასევე წაიკითხეთ