გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში დღეს ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. მოსკოვში გუტერეში თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო მიზანი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვის შემდეგ, გუტერეში უკრაინაში გაემგზავრება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
შეგახსენებთ, გაეროს დესპანმა მარტინ გრიფითსმა 18 აპრილს განაცხადა, რომ თურქეთი ღირებული მასპინძელია უკრაინასა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული მოლაპარაკებებისთვის. ასევე 18 აპრილს, ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ასევე წაიკითხეთ
- ანტონიო გუტერეში: პრეზიდენტო პუტინო, კაცობრიობის სახელით მოგმართავთ, დააბრუნეთ თქვენი ჯარები რუსეთში
- ანტონიო გუტერეში: აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს