ოლექსი არესტოვიჩი: რამენაირად შევძლებდით დნესტრისპირეთის დაკავებას, მოლდოვას რომ ეთხოვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ჟურნალისტ მარკ ფეიგინთან საუბარში მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის უკრაინის მიერ დაკავების შესაძლებლობა  თეორიულად განიხილა.

მისი თქმით, მოლდოვას დახმარება რომ ეთხოვა, უკრაინა სეპარატისტული რეგიონის დაკავებას შეძლებდა. „რამენაირად შევძლებდით [დნესტრისპირეთის დაკავებას]. ეს სუვერენული მოლდოვის ტერიტორიაა. საკუთარ თავს ვერ მივცემთ ასეთი განცხადების უფლებასაც კი. მხოლოდ მოლდოვის მხარის თხოვნის შემდეგ,“ – თქვა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩმა ასევე განიხილა, თეორიულად შეეძლება თუ არა მოლდოვას დნესტრისპირეთის დაკავება და თქვა, რომ ამ შემთხვევაში "მოლდოვას შესაძლოა დიდი პრობლემები შეექმნას". მან ასევე დაამატა, რომ ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო გზაა მოლდოვასთვის  რუმინეთისთვისა და უკრაინისთვის დახმარების თხოვნა იქნება.

"შეუძლიათ ჩვენც მოგვმართონ დასახმარებლად". – აღნიშნა არესტოვიჩმა.

ოლექსი არესტოვიჩის  მოსაზრებას გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი და აღნიშნა, რომ ეს "საკმაოდ პროვოკაციული" ნათქვამი იყო.


სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.

25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს კი, ტელეანძა ააფეთქეს.


უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ.

ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.


ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული.

ასევე წაიკითხეთ