იენს სტოლტენბერგი: საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა უნდა უზრუნველვყოთ

"უკრაინაში რუსეთის შეჭრა NATO-სთვის ავლენს საჭიროებას, რომ უზრუნველყოს ისეთი ქვეყნების მხარდაჭერა, როგორებიც არიან საქართველო და მოლდოვა", - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადა.

„უკრაინაში სასტიკი შეჭრა NATO-სთვის ავლენს საჭიროებას, უზრუნველყოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა, როგორებიც არიან საქართველო და მოლდოვა, რომლებიც არ არიან NATO-ს და ევროკავშირის წევრები. ეს ეხება როგორც პრაქტიკულ მხარდაჭერას, ისე პოლიტიკურს. საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი და  ასევე ახლო თანამშრომლობა აქვს ევროკავშირთან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


ცნობისთვის, სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


 ასევე წაიკითხეთ: