„ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი გადაწყვეტს მის დასრულებას", – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
„ჩვენ ყველას შეგვიძლია, ჩავატაროთ შეხვედრები, მაგრამ ეს ის არ არის, რაც ომს დაასრულებს. ომი არ დასრულდება შეხვედრებით. ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი გადაწყვეტს მის დასრულებას და როცა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება სერიოზული პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა. ჩვენ ყველას შეგვიძლია, ჩავატაროთ შეხვედრები, მაგრამ ეს ის არ არის, რაც ომს დაასრულებს“, – განაცხადა გუტერეშმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ასევე წაიკითხეთ:
- ანტონიო გუტერეში: პრეზიდენტო პუტინო, კაცობრიობის სახელით მოგმართავთ, დააბრუნეთ თქვენი ჯარები რუსეთში
- ანტონიო გუტერეში: აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს
- გაეროს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინს კრემლში შეხვდა