ანტონიო გუტერეში ბოროდიანკაში: როცა ამ განადგურებულ შენობებს ვხედავ, წარმოვიდგენ ჩემს შვილიშვილებს, როგორ გამორბიან პანიკით

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უკრაინაში კიევის რაიონის რუსული ძალების მიერ დროებით ოკუპირებულ დასახლებებს ეწვია. პირველი გაჩერება ქალაქი ბოროდიანკა იყო, რომელიც დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს.

„როდესაც ვუყურებ ამ განადგურებულ შენობებს, უნდა ვთქვა, რას ვგრძნობ. ერთ-ერთ ამ განადგურებულ და გაშავებულ სახლში წარმოვიდგინე ჩემი ოჯახი. წარმოვიდგინე, როგორ გარბიან პანიკურად ჩემი შვილიშვილები. ომი აბსურდია 21-ე საუკუნეში, ომი ბოროტებაა. როდესაც ჩვენ ვუყურებთ მსგავს ვითარებას, ჩვენი გულები დაზარალებულებთანაა. მსურს, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ომი მიუღებელია 21-ე საუკუნეში“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

გაეროს გენერალური მდივანი 27 აპრილს უკრაინაში ჩავიდა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


ასევე წაიკითხეთ: