მიხაილო პოდოლიაკი: უკრაინა თავს დაიცავს ყველანაირად, მათ შორის რუსეთში მკვლელების საწყობებსა და ბაზებზე თავდასხმების განხორციელებით

"უკრაინა თავს დაიცავს ყველანაირად, მათ შორის რუსეთში მკვლელების საწყობებსა და ბაზებზე თავდასხმების განხორციელებით", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.

„რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინა თავს დაიცავს ყველანაირად, მათ შორის რუსეთში მკვლელების საწყობებსა და ბაზებზე თავდასხმების განხორციელებით. მსოფლიო აღიარებს უკრაინის ამ უფლებას,“- წერს მიხაილო პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, საბძოლო მასალების საცავი ცეცხლი ეკიდა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, დაარტყას თუ არა რუსულ სამხედრო ობიექტებს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


ასევე წაიკითხეთ: