ოლექსი არესტოვიჩი: ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა, თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს ქართველი ხალხი არჩევნებზე შეაფასებს

"ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა: თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე", – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა პირდაპირ ეთერში, რითაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„გვითხრეს, რომ დასავლეთი თქვენთვის იბრძვის. ისინი ასევე მზად არიან, დაიცვან მოლდოვაც და დაიცავდნენ საქართველოსაც, ამ ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება უცნაურად რომ არ იქცეოდეს. მე ვიცი, რომ ამას მოჰყვება კომენტარები. ვიცი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა, მინისტრებიც გამოვიდნენ. 

უკრაინა არ ერევა თქვენს სუვერენულ პოლიტიკაში, მათ შორის არც ჩემი, არესტოვიჩის განცხადებებით. თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი სახელმწიფო. მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე. ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

 


ასევე წაიკითხეთ: