ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ უკრაინა საბოლოოდ დატოვა

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) უკრაინაში სადამკვირვებლო მისიის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოსკოვმა მისიისათვის მანდატის გაგრძელებაზე აპრილის შემდეგ უარი თქვა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდტმა განაცხადეს, რომ ეუთო დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს უკრაინაში სპეციალური სადამკვირვებლო მისიის დასახურად.

„ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ჩვენ გამოვიკვლიეთ ყველა შესაძლო ვარიანტი მონაწილე სახელმწიფოებთან პოლიტიკური დიალოგის გზით, რათა მიგვეღწია სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მანდატის განახლებისთვის, მაგრამ რუსეთის ფედერაციის პოზიციამ სხვა გზა არ დაგვიტოვა“, - განაცხადა რაუმ.

მინისტრმა რაუმ აღნიშნა, რომ ორგანიზაცია შეეცდება გააგრძელოს ქვეყანაში ჩართულობა ეუთოს არსებული ვალდებულებების შესაბამისად. „პოლონეთის თავმჯდომარეობა გააგრძელებს მონაწილე სახელმწიფოებთან თანამშრომლობას, რათა გამოიკვლიოს ალტერნატივები ეუთოს სამომავლო როლზე უკრაინაში“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ეუთო იყო ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ყველაფერს აკეთებდა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კონფლიქტის შედეგების შესამსუბუქებლად. მონაწილეობდა ადგილზე ინფორმაციის შეგროვებაში, მოქმედებდა როგორც შუამავალი სტრუქტურების ჩამოყალიბებაში.

თავის მხრივ, გენერალურმა მდივანმა შმიდტმა დაამატა, რომ „სასიცოცხლო როლი, რომელიც მისიამ ითამაშა ბოლო რვა წლის განმავლობაში, ადგილზე ფასდაუდებელია.

„ჩვენ ვაგრძელებთ მაქსიმუმის კეთებას დღე და ღამე ჩვენი უკრაინელი კოლეგების მხარდასაჭერად და ვაგრძელებთ ზეწოლას ყველა არსებული არხით, რათა შეწყდეს დაკავებები, დაშინება და დეზინფორმაციის გავრცელება, რაც ძალიან საშიშია ჩვენი ეროვნული მისიის წევრებისთვის“, - აღნიშნა შმიდტმა.

უკრაინაში ეუთოს მისიაში 814 საერთაშორისო და 477 ადგილობრივი თანამშრომელი მუშაობდა. ეუთო 57 ქვეყანას, მათ შორის რუსეთსა და უკრაინას აერთიანებს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.