რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი დაიწყეს, - ამის შესახებ უკრიანული მედია ავრცელებს.
„მთელი ღამე გვბომბავდნენ საავიაციო ბომბებით, დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, ახლა კი მიმდინარეობს „აზოვსტალის“ შტურმი“, – განაცხადა ლეგიონ აზოვის მეთაურის მოადგილემ, სიავტოსლავ პალმარმა.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა მარიუპოლში ფოლადის ქარხნის დაბომბვა დაიწყეს მას შემდეგ, რაც უკრაინელი ჯარისკაცები საცეცხლე პოზიციებზე გადავიდნენ.
„ახლა რუსეთის არმიისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ქვედანაყოფები არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით იწყებენ ამ საცეცხლე პოზიციების განადგურებას“, - ციტირებს რუსული მედია თავდაცვის სამინისტროს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინის გენერალური პროკურორი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში 219 ბავშვი დაიღუპა
- Amnesty International-ი : რუსეთმა მარიუპოლში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა