NATO ხავიერ კოლომინას რეგიონულ ტურნეს აჯამებს. ალიანსის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომი პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის პერსპექტივებზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის, ასევე, NATO-ს 2022 წლის ივნისის სამიტის მადრიდში მზადების კონტექსტში.
„გასულ კვირას NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ეწვია სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს.
ხავიერ კოლომინამ ვიზიტის ფარგლებში პოლიტიკური კონსულტაციები სომხეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ასევე მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებთან გამართა.
საქართველოში, მან ასევე პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა და შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოების საკითხებს და მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომი პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის პერსპექტივებს, როგორც რუსეთის უკრაინაში არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრის, ასევე, NATO-ს 2022 წლის ივნისის სამიტის მადრიდში მზადების კონტექსტში“, - აღნიშნულია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის, ხავიერ კოლომინა ახალ რანგში საქართველოს პირველად 2021 წლის ოქტომბერში ეწვია. ხავიერ კოლომინამ ამ თანამდებობაზე ჯეიმს აპატურაი შეცვალა, რომელიც გასულ თვეს ასევე იმყოფებოდა საქართველოში. ჯეიმს აპატურაიმ NATO უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიცია დაიკავა.
ასევე წაიკითხეთ
- NATO ხავიერ კოლომინას ვიზიტზე: ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს უაღრესად ვაფასებთ
- ხავიერ კოლომინა უკრაინაში ომზე: ეს არის დრამატული და ტექტონიკური ცვლილება ყველასთვის, საჭიროა ადაპტაცია, რასაც NATO აკეთებს
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ხავიერ კოლომინას მოუსმინეს
- ჯეიმს აპატურაის ვიზიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა ურყევია - NATO