უკრაინის პარლამენტმა პორორუსული პარტიების აკრძალვის შესახებ, კანონპროექტი დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესმა რადამ სამშაბათს დაამტკიცა კანონპროექტი პრორუსულად აღიარებული პარტიების საქმიანობის აკრძალვის შესახებ. კანონპროექტს მხარი დაუჭირა უმაღლესი რადას 330-მა დეპუტატმა, მათ შორის ყოფილი ოპოზიციური „პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ ფრაქციის ზოგიერთმა წევრმა, რომელიც მანამდე პრორუსულად ითვლებოდა. ამის შესახებ სახალხო დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა განაცხადა.

მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა ოლენა შულიაკმა ახსნა, რომ კანონი ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას იმ შემთხვევაში, თუკი მათი საპროგრამო მიზნები და მოქმედებები მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამართლების ან უარყოფისკენ. მათ შორის საქმე შეიძლება ეხებოდეს იმის უარყოფას, რომ რუსეთის სამხედროებს ოკუპირებული აქვთ უკრაინის ტერიტორიები, ან ეხებოდეს რუსეთის სამხედროთა მიჩნევას „სახალხო რაზმებად“ ან „თავაზიან ადამიანებად“.

კანონში არ არის მოცემული იმ პარტიების სია, რომლებსაც შეიძლება შეეხოთ აკრძალვა, მათ სასამართლო განსაზღვრავს. მარტის ბოლოს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სამხედრო მდგომარეობის პერიოდში შეაჩერა რამდენიმე პარტიის საქმიანობა და ეს გადაწყვეტილება დაასაბუთა მათი პრორუსული პოზიციით. ამის შემდეგ წევრებმა დათხოვნილი ფრაქციისა „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ უმაღლეს რადაში შექმნეს სადეპუტატო ჯგუფი „პლატფორმა სიცოცხლისთვის“.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.