ემანუელ მაკრონმა პუტინი უკრაინაში ომის შედეგების შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა, შეწყვიტოს დამანგრეველი აგრესია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააფრთხილა პუტინი უკრაინაში ომის შედეგების შესახებ და მოუწოდა მას, შეწყვიტოს „დამანგრეველი აგრესია“, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება. მაკრონმა ასევე გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება მარიუპოლისა და დონბასის რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ და მან მოუწოდა რუსეთს, დაუშვას შემდგომი ევაკუაცია აზოვსტალის ქარხნიდან.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებს შეეძლოთ, ხელი შეეწყოთ უკრაინელი სამხედროების დანაშაულის შეჩერებაში. ამის ნაცვლად კი, ევროკავშირის ქვეყნები მათ იგნორირებას ახდენენ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.