გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ბუნდესტაგის მიერ მიღებული რეზოლუციის მთავარ ასპექტებზე საუბრობს.
ჰუბერტ ქნირშის შეფასებით, გერმანიის პარლამენტი ხსენებული რეზოლუციით მიუთითებს წევრობისთვის საჭირო იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული:
- „ბუნდესტაგის მიერ მიღებული რეზოლუცია ეხება უკრაინის მხარდაჭერას თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში - ეს ასევე არის ბრძოლა ევროპაში მშვიდობის დაცვისთვის. გერმანიის პარლამენტი გამოხატავს თავის შეხედულებას იმის შესახებ, რომ ჩვენი დახმარება, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მისწრაფებისადმი მხარდაჭერას უნდა მოიცავდეს. ბუნდესტაგი ასევე ხაზს უსვამს, რომ ეს თანაბრად ეხება საქართველოსა და მოლდოვას. ამავდროულად, ბუნდესტაგი მიუთითებს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული: დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მაღალი სტანდარტები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაბამისი დონე, ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციის უნარი. ეს არის ის კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც საშუალებას აძლევს ქვეყანას, იყოს ევროკავშირის წარმატებული წევრი“, - განუცხადა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა Europetime-ს.
„გერმანიის პარლამენტმა 2022 წლის 28 აპრილს მიიღო რეზოლუცია „დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება“ და მასში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისთვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას. ამასთან დაკავშირებით, ბუნდესტაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას „მათ ევროპულ გზაზე“. პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ, 2 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში.
- გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ გზას მხარს უჭერს
- ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკომისიას 17 აპრილს დაუბრუნა. კითხვარი შეავსო მოლდოვამაც. ევროკომისიამ ამ კითხვარის პირველი ნაწილის პასუხების შეფასება დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირის ელჩს 2 მაისს გადასცა.