რუსული არმიის ვერტმფრენმა (Mi-17) ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. ეს რუსეთის მიერ ფინეთის საჰაერო სივრცის მეორე დარღვევაა წელს, აპრილის შემდეგ. ორივე მათგანი უკრაინაში ომის შემდეგ მოხდა.
ექსპერტები საუბრობენ, რომ ფინეთი და შვედეთი, სავარაუდოდ, რუსეთის სამიზნეები გახდებიან, რადგან ეს ქვეყნები NATO-ში გაწევრიანებას განიხილავენ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, NATO-ს წევრმა დანიამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია, ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა განაცხადა. მანამდე, მსგავსი ბრალდებით რუსეთის მიმართ შვედეთი გამოვიდა.
„ეს სრულიად მიუღებელი და უკიდურესად შემაშფოთებელია არსებულ ვითარებაში“, - განაცხადა კოფოდმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საუბრისას.
დანიური მხარე აცხადებს, რომ სადაზვერვო თვითმფრინავი მათ საჰაერო სივრცეში მოკლე ხნით იმყოფებოდა, დანიის F-16 თვითმფინავებმა კი, რეაგირება მოახდინეს.
აღსანიშნავია, რომ შვედეთი NATO-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.
გერმანიის კანცლერი შვედეთს და ფინეთს მხარდაჭერას ჰპირდება, თუ ისინი NATO-ში გაწევრიანებას გადაწყვეტენ. ოლაფ შოლცის თქმით, ფინეთს და შვედეთს შეუძლიათ, გერმანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ, თუ ისინი NATO-ში შესვლას მოითხოვენ. ოლაფ შოლცმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს ბერლინის მახლობლად, მინისტრთა კაბინეტის ორდღიან შეხვედრაზე უმასპინძლა.
Reuters-ის ინფორმაციით, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ. როგორც შვედური მედია წერს, აშშ და ბრიტანეთი დაპირდნენ ქვეყანას, რომ გაზრდიან სამხედრო წარმომადგენლობას, სამხედრო წვრთნების რაოდენობასა და პოლიტიკურ მხარდაჭერას NATO-ში შესაძლო გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობისას.