„აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ

„აზოვის“ პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო საგანგებო მიმართავს ავრცელებს და აცხადებს, რომ მდგომარეობა კრიტიკულია და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

„მარიუპოლის გარნიზონი, უკვე 70-ე დღეა ებრძვის მოწინააღმდეგის აღმატებულ ძალებს. 25 აპრილიდან ჩვენ წრიულად ვიცავთ „აზოვსტალის“ ქარხანას. მეორე დღეა რაც მტერი ქარხნის ტერიტორიაზე შემოიჭრა. მიმდინარეობს სისხლისმღვრელი ბრძოლები. მე ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ“, - განაცხადა პროკოპენკომ.

მან მადლობა გადაუხადა მთელ მსოფლიოს „მარიუპოლის გარნიზონის“ მხარდაჭერისთვის. „ჩვენი ჯარისკაცები ამას იმსახურებენ.“ „ვითარება უკიდურესად მძიმეა, ამის მიუხედავად, ჩვენ ვასრულებთ ბრძანებას დაცვის შენარჩუნებაზე“, - აღნიშნა პროკოპენკომ.


4 მაისის საღამოს მდგომარეობით, უკრაინის ხელისუფლებას კავშირი აქვს მარიუპოლის მცველ ქვედანაყოფებთან, ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა.


„მეორე დღეა, ქარხნის შტურმის მცდელობები გრძელდება. რუსული ჯარები უკვე იმყოფებიან აზოვსტალის ტერიტორიაზე", - განაცხადა არახამიამ.

მანამდე, მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ ახალი ბრძოლები დაიწყო აზოვსტალის ქარხანაში, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება უკრაინელ დამცველებთან ერთად.

„უკრაინულ ტელეარხთან საუბრისას ბოიჩენკომ განაცხადა, რომ ქარხანაში 30 ბავშვი იყო ჩარჩენილი, რომლებიც გადარჩენას ელოდნენ. „ისინი ელიან ახალი მოლაპარაკების პროცესს და ახალ ევაკუაციას“...

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხანაზე შეტევას, თუმცა - უშედეგოდ.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.