უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპორიჟიეში მარიუპოლიდან ევაკუაციის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა. ბევრმა მათგანმა თვეები გაატარა აზოვსტალის ფოლადის ქარხნის ქვეშ, თავშესაფარში, დანგრეულ ქალაქ მარიუპოლში.
წითელმა ჯვარი მოხარულია იმით, რომ ევაკუაცია წარმატებული იყო, მაგრამ „იმედგაცრუებულია, რომ კიდევ ბევრი ადამიანი დარჩა ჯოჯოხეთში“. ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ათზე მეტი ბავშვი კვლავ რჩება აზოვსტალის ნანგრევების ქვეშ, განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააფრთხილა პუტინი უკრაინაში ომის შედეგების შესახებ და მოუწოდა მას, შეწყვიტოს „დამანგრეველი აგრესია. იმავდროულად, მოსკოვმა განაცხადა, რომ პუტინმა უთხრა მაკრონს, რომ „დასავლეთი იგნორირებას უკეთებს უკრაინის სამხედრო დანაშაულებს.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ორივე მხარეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდა. ეს ხდება მას შემდეგ, რაც ინდოეთი კრიტიკას შეხვდა ომის მიმართ მისი ნეიტრალური პოზიციის გამო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინელი დეპუტატებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ დასავლეთი 2014 წელს, „მყისიერად ვერ აცნობიერებდა იმას, რაც რეალურად ხდებოდა“ უკრაინაში.
ბორის ჯონსონი პირველი მსოფლიო ლიდერია, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პარლამენტს მიმართა. გაერთიანებული სამეფო £300 მილიონიანი მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში უკრაინას დამატებით იარაღს უახლოეს კვირებში გაუგზავნის.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.