"პრეზიდენტ პუტინის ჩანაფიქრი იყო ხელში ჩაეგდო უკრაინა, მოექცია ის რუსეთის შემადგენლობაში, წაერთმია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, არ აღმოჩნდა წარმატებული. მოგეხსენებათ, ის ელოდა და აპირებდა მომავალ ორშაბათს, გამარჯვების მარში კიევის ქუჩებში გაემართა. ცხადია, ეს არ არის ის, რაც მოხდება", - ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკმა განაცხადა.
„პრეზიდენტ პუტინის ჩანაფიქრი - ხელში ჩაეგდო უკრაინა, მოექცია ის რუსეთის შემადგენლობაში, წაერთმია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, არ აღმოჩნდა წარმატებული. მოგეხსენებათ, ის ელოდა და აპირებდა მომავალ ორშაბათს, გამარჯვების მარშის კიევის ქუჩებში გაემართა. ცხადია, ეს არ არის ის, რაც მოხდება. მას სურდა, რომ ეს ყოფილიყო ნატოსა და დასავლეთის გაყოფის მომენტი. რა თქმა უნდა, ასე არ ხდება. ჩვენ ვთქვით, რომ გვსურს უკრაინის გამარჯვება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, - აღნიშნა ჯენ ფსაკმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.