ანტონიო გუტერეში: ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ამ ჯოჯოხეთიდან, „აზოვსტალის“ ქარხნიდან გამოვიყვანოთ

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ამ ჯოჯოხეთიდან, „აზოვსტალის“ ქარხნიდან გამოვიყვანოთ", - გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მესამე ოპერაცია მიმდინარეობს.

ამასთან, გუტერეშმა უარი თქვა ახალი ოპერაციის შესახებ დეტალების გასაჯაროებაზე.

„ვიმედოვნებ, რომ მოსკოვთან და კიევთან მუდმივი კოორდინაცია უფრო მეტ ჰუმანიტარულ პაუზას გახდის შესაძლებელს, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები უსაფრთხოდ გამოვიყვანოთ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ამ ჯოჯოხეთიდან გამოვიყვანოთ“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ:

„აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ