უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა

უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა. როგორც ერთ-ერთი მებრძოლი ლადო გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ.

„მოკლედ, რადგან ჭორის დონეზე გავარდა ხმა, გეტყვით: შეტაკებაზე დავიჭერით ცხრა ქართველი, ყველანი კარგად ვართ და მყარად ვდგავართ ფეხზე. პირადად მომხვდა "ასკოლკა" თეძოზე და დამიდგინდა მსუბუქი "კანტუზია", როგორც ხედავთ, კარგად ვარ. ძლიერი შეტაკება იყო. ჩვენ დანაკლისის გარეშე გამოვედით. მოწინააღმდეგეს აქვს სოლიდური დანაკარგი. მადლობა ჩვენ ქართველ მეთაურს და ჩემ მებრძოლ ძმებს. მადლობა ექიმებს. ერთობით გავიმარჯვებთ. როგორც მეთაურმა თქვა: "ჩვენი ქართველი დაღუპული მებრძოლების სისხლი ავიღეთ",- წერს ლადო გამსახურდია სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.