ვოლოდიმირ ზელენსკი: თვალთმაქცობაა, როცა მარჯვენა ხელით აწესებთ სანქციებს, მარცხენით კი აფორმებთ კონტრაქტებს რუსეთთან

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის ერთი ხელით სანქციების დაწესება, ხოლო მეორით კონტრაქტების გაფორმება, თვალთმაქცობა და შეუფერებელი საქციელია. ამის შესახებ მან 6 მაისს საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

„რაც შეეხება სანქციებს, მიმაჩნია, რომ არის შემხვედრი და საწინააღმდეგო ნაბიჯები, რომლებიც უნდა იყოს პატიოსანი და გამჭვირვალე. არაა საჭირო, იყო ცოტათი ბოროტი ან ცოტათი კარგი, მარჯვენა ხელით დააწესო სანქციები, ხოლო მარცხენა ხელით გააფორმო კონტრაქტები რუსეთის ფედერაციასთან. ასე არ გამოდის, ეს არაა მართებული არც ომის დროს. ეს თვალთმაქცობაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სანქციები ისეთი უნდა იყოს, რომ შემოღების შემდეგ მათი განახლება არ გახდეს საჭირო და თუკი იღებენ გადაწყვეტილებას SWIFT-ის სისტემიდან გათიშვაზე, მაშინ ის რუსეთის მთელ საბანკო სისტემას უნდა მოიცავდეს.

ამასთან ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ენერგეტიკიდან დღეში მილიარდ დოლარს შოულობს.

„თამაში არ არის საჭირო, თუ გესმით, რომ ამ ენერგიის გარეშე ვერ იცხოვრებთ, მაშინ თქვით, რომ ორ თვეში შეძლებთ. არ არის საჭირო ცალკეული ქვეყნებისთვის გამონაკლისის დაშვება, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთად. ამაშია ევროკავშირის ერთიანობის აზრი, ამაშია სიტყვათა შეთანხმების „ევროპის კავშირის“ აზრი“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლოს ევროკავშირი მივა გადაწყვეტილებამდე, მოახდინოს სრული ემბარგო რუსულ ენერგომატარებლებზე. „თუ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ამას არ გააკეთებს, მოგვიანებით გაიგებთ, როდესაც თქვენს საზღვრებთან რუსული ჯარები იდგება, როდესაც გაფრინდება პირველი რაკეტა, ისევე როგორც ჩვენთან, მაშინ გაიგებთ ამას“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ,,ჩრდილოეთის ნაკადის“ არცერთი პროექტი არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ.


Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. 

მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება, რუსული ნავთობის ემბარგოს მხარს არ დაუჭერს.


Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა.


ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,  ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ