"რუსეთი დღეს არის ყველაზე პირდაპირი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ომით და მისი შემაშფოთებელი პაქტით ჩინეთთან", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„რუსეთი დღეს არის ყველაზე პირდაპირი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ომით და მისი შემაშფოთებელი პაქტით ჩინეთთან. რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, არამედ ის არღვევს საერთაშორისო წესრიგის ბირთვს, მათ შორის აზიას. ეს შეუწყნარებელია,", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა ტოკიოში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფუმიო კიშიდასთან შეხვედრის შემდეგ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთი თავს დაესხა ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას
- ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის