უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლი ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ მას და ოჯახს სიკვდილით ემუქრებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „აზოვის“ მებრძოლების ცოლები და ნათესავები არიან.
„მე და ჩემი მეუღლე უკვე მეორე დღეა, მუქარას ვიღებთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავს „აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად წარმოადგენენ. ამბობენ, რომ სიკვდილით დასჯა გვემუქრება, რომ მომკლავენ მე, ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილებს, რადგან ჩვენ ვსხედვართ კიევში და ვატყუებთ „აზოვს“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.
ამასთან, არესტოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, არ იცის, რამდენად სანდოა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები „აზოვის“ მებრძოლთა ნათესავები არიან და ამ ფაქტს გადამოწმება სჭირდება.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი არ თანხმდება შეთავაზებებს, მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების გადასარჩენად.
7 მაისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად „აზოვსტალიდან“ ექიმებისა და დაჭრილი სამხედროების ევაკუაციას გეგმავს.
7 მაისს, უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ, ალყაში მოქცეული „აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა.
10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
„აზოვის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ მარიუპოლში მოქმედების ოთხი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ერთადერთი გზა ბრძოლაა. აცხადებენ, რომ უკრაინელი მებრძოლებისთვის ტყვეობა სიკვდილის ტოლფასია.
როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი, რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ამავე თემაზე
- „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ
- აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ