ვოლოდიმირ ზელენსკი: „აზოვსტალიდან“ ექიმებისა და დაჭრილების ევაკუაცია იგეგმება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად „აზოვსტალიდან“ ექიმებისა და დაჭრილების ევაკუაციის პროცესს ამზადებს.

„მადლობას ვუხდი „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაციასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რომლებიც „აზოვსტალში“ მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანის პირველ მისიაში დაგვეხმარნენ. 300-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ფაქტობრივად, „აზოვსტალიდან“ ყველა სამოქალაქო პირი გამოყვანილია. ახლა გვინდა ექიმებისა და დაჭრილების გამოყვანა, თუ მოლაპარაკების დროს მიღწეული ყველა შეთანხმება შესრულდება, თუ, არ იქნება ტყუილი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მუშაობენ იმაზეც, რომ „აზოვსტალიდან“ სამხედრო პირების გამოყვანის საკითხიც გადაწყდეს.

„გვინდა, გამოვიყვანოთ მარიუპოლის დამცველი ყველა გმირი. ეს ძალიან რთულია, მაგრამ მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ყველას ესმის ამ სირთულის მთავარი მიზეზი, ასევე ცნობილია ამ მიზეზის ადგილსამყოფელიც. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, ჩვენ არ გავჩერდებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.


7 მაისს, უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ, ალყაში მოქცეული „აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ამავე თემაზე