G7-ის სამიტი: ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საბოლო მიზანია, მისი მთელი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა უზრუნველყოს

G7-ის სამიტის შემდეგ ლიდერებმა განცხადება გაავრცელეს. თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება და G7-ის ლიდერებმა დაარწმუნეს პრეზიდენტი ზელენსკი, რომ დაეხმარებიან უკრაინას თავისი თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფაში.  

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინის მტკიცე გადაწყვეტილებას, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მან განაცხადა, რომ უკრაინის საბოლოო მიზანია, უზრუნველყოს რუსეთის სამხედრო ძალებისა და აღჭურვილობის სრული გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და უზრუნველყოს მისი შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი თავი მომავალში. მან მადლობა გადაუხადა G7 წევრებს მხარდაჭერისთვის.

უკრაინა მზადაა, მჭიდროდ ითანამშრომლოს G7-ის წევრებთან, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის გამო, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მასიური განადგურების და უკრაინული ექსპორტისთვის გადაზიდვის ტრადიციული მარშრუტების შეფერხების შემდეგ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა თავისი ქვეყნის ერთგულება, დაიცვას ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებები და პრინციპები, მათ შორის ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

დღეს ჩვენ, G7-მა, დავარწმუნეთ პრეზიდენტი ზელენსკი, რომ დავეხმარებით უკრაინას თავისი თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა ახლა და შეაჩეროს მომავალი აგრესიის აქტები. ამ მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალების სამხედრო და თავდაცვით დახმარებას, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მისი ქსელების დაცვაში კიბერ ინციდენტებისაგან და გავაფართოებთ თანამშრომლობას, მათ შორის ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მისი ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის მიზნით.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, შეუერთდნენ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისა და ლტოლვილების მიმართ და დაეხმარონ უკრაინას აღდგენაში.

ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ პრეზიდენტ პუტინს და ამ აგრესიის არქიტექტორებსა და თანამზრახველებს, მათ შორის ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ ქმედებებზე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ამ მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.