რეგიონში რუსეთის პოზიციების შესუსტების ფონზე თურქეთის გავლენა კიდევ უფრო ძლიერდება

11 მაისს, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი თურქეთში პირველი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. ორმხრივი კავშირების დამყარებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ვიზიტის დროს, ანკარასთან რიგ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერა ხელი, მათ შორის ქვეყნებმა სამხედრო თანამშრომლობის სფეროში შეთანხმება გააფორმეს. რას ნიშნავს თურქეთისა და ყაზახეთის მიერ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, რატომ შეიძლება, ეს მნიშვნელოვანი იყოს საქართველოსთვის, როგორ აისახება რეგიონის სხვა ქვეყნებსა და თურქეთის პოზიციებზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენების პირისპირ, ამ და სხვა საკითხებზე Europetime ანალიტიკოსებს ესაუბრა. 

  • ორი ლოკალური ქვეყნის ხელშეკრულებას ეს სცდება და მთლიანად, ხელის გულზე გვიჩენს როგორც მიმდინარე პროცესების შეფასებას, ასევე, მომავალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს.

 

  • დროთა განმავლობაში სულ უფრო ფიქტიური ხდება რეალურად, ყველა ის ეკონომიკური თუ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და სტრუქტურა, რომელშიც რუსეთს წლების განმავლობაში დომინანტი როლი ეკავა.

 

  • ეს კავშირი ნიშნავს, რომ რეგიონში, რუსეთის გავლენის შემცირების ფონზე, თურქეთის გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება.
     

 

  • რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი (2012-2014 წლებში), „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა, გარკვეული გაკვეთილების და დასკვნების შესაძლებლობა მისცა ყაზახეთის მოქმედ ხელისუფლებას.

„რა თქმა უნდა, მათ, ისევე როგორც ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებს, ბევრ სხვა ქვეყანას მსოფლიოში, აქვთ მკაფიო დამოკიდებულება უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან მიმართებით, მათ არ სურთ, რომ თავადაც მოიაზრებოდნენ, როგორც რუსეთის „უკანა ეზო“, შესაბამისად, დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ფიქტიური ხდება რეალურად, ყველა ის ეკონომიკური თუ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და სტრუქტურა, რომელშიც რუსეთს წლების განმავლობაში დომინანტი როლი ეკავა და სხვა დანარჩენი, ცენტრალური აზიის თუ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები მეორეხარისხოვან როლებში იყვნენ ამ ორგანიზაციებში“, - აღნიშნავს პეტრიაშვილი.

ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ფაქტს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ასევე, ყახაზეთის მიმართ რუსეთის უკმაყოფილების კვალდაკვალ, თურქეთმა და ყაზახეთმა დემონსტრირება მოახდინეს, რომ ამ ორ ქვეყანას სრული ურთიერთგაგება და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მზაობა აქვს.

მისივე აზრით, თოყაევის ვიზიტი ბევრი თვალსაზრისით იყო ნიშანდობლივი, და სხვა დროს, რომ არა, უკრაინაში რუსეთის აგრესია და ასეთი დაძაბული ვითარება, შესაძლოა, ეს ყოფილიყო ერთი რიგითი მაღალი დონის ორმხრივი მოგზაურობა, მაგრამ ახლა მას განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭება.

აქედან გამომდინარე, ალექსი პეტრიაშვილი თვლის, რომ შესაძლოა, ამ ურთიერთობებმაც იმ დონეს მიაღწიოს და იმ ხარისხში ავიდეს, როგორიც მაგალითად, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს, შესაბამისად, სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს თურქეთსა და ყაზახეთს შორის.  

  • ამრიგად, დიახ, რა თქმა უნდა, ამ ვითარებასა და მდგომარეობაში,თოყაევის ჩასვლა თურქეთში, ძალიან ნიშანდობლივი ვიზიტია და ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობებს, მით უმეტეს, ენერგოსფეროში თანამშრომლობას დამატებითი დატვირთვა აქვს, ემბარგოს და ენერგეტიკის სფეროში არსებული სხვა გამოწვევების გათვალისწინებით. ყაზახეთს თურქეთთან ძალიან ბევრი საერთო და სერიოზული თანამშრომლობის შესაძლებლობები აქვს.
  • თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არის ძალიან გამოკვეთილი, ძალაინ მკაფიო, ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული თანამშრომლობა და ყაზახეთიც ასე ვთქვათ, თურქული სახელმწიფოების და ქვეყნების ამ ჯაჭვში ლოგიკურად ჩნდება და შესაბამისად, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერად განვითარდება. აქ სხვათა შორის, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვისაც იქნება გარკვეული შესაძლებლობები, იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის კიდევ უფრო დატვირთვის შესაძლებლობა ჩნდება და ამ შანსის არგამოყენება დანაშაული იქნება, - განუცხადა Europetime-ს ალექსი პეტრიაშვილმა.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა.

რუსეთის დასუსტების პარალელურად, ყაზახეთს დღის წესრიგში დაუდგა კიდევ ერთ რეგიონულ პარტნიორთან, თურქეთთან ურთიერთობების გაღრმავება, ეს კავშირი ნიშნავს, რომ რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირების ფონზე თურქეთის გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება, - მიიჩნევს ექსპერტი.

ამავდროულად, ხათუნა ლაგაძიძის შეფასებით, ეს კავშირი მოემსახურება ჩინეთის მზარდი გავლენის დაბალანსებასაც. საგულისხმოა, რომ ჩინეთისთვის უმთავრესი პრობლემაა უიღურების საკითხი, (რედ. აშშ თვლის, რომ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სინძიანში უიღური მუსლიმებისა და სხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დევნით გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის, ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფს. პროვინცია სინძიანი უიღურის ეთნიკური უმცირესობის სამშობლოა. რეგიონში 11 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს. უიღურები ეთნიკურად ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან, ისინი ძირითადად, მუსლიმები არიან), რომელიც ასევე თურანული ეთნოსია და შესაბამისად, ექსპერტი თვლის, რომ რეგიონში ძალთა ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ აღარ იარსებებს.

  • რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა, რადგან ომში მას არავინ მიჰყვება და რომც გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა და სთხოვოს ОДКБ-ს წევრებს სამხედრო დახმარების აღმოჩენა და უკრაინაში შესვლა, წინმსწრებად განაცხადა ყველა ქვეყანამ, რომ პუტინს ამ ავანტიურაში არ გაჰყვებიან.
  • მათ დაინახეს, რომ ჩინეთის საპირწონე, დასუსტებული რუსეთი ვერ იქნება. პირიქით, ის იქნება ჩინეთის ვასალი მომავალ პოლიტიკურ დაფაზე. ორი ლოკალური ქვეყნის ხელშეკრულებას ეს სცდება და მთლიანად, ხელის გულზე გვიჩენს როგორც მიმდინარე პროცესების შეფასებას, ასევე, მომავალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს“, - განუცხადა ხათუნა ლაგაზიძემ Europetime-ს.
    მისივე აზრით, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანებებში თავისი ადგილი მონახოს.

„ამ რეგიონის ფასი და წონა, როგორც ევროპის ალტერნატიული ენერგომომარაგების, ასევე, სხვა ტიპის, ლოგისტიკური, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, სავაჭრო ნაკადების მიმოსვლის თვალსაზრისით, გაცილებით იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. შუა დერეფანი არის ყველაზე მოკლე, ლოგისტიკურად ყველაზე რთულია, რადგან ბევრი სხვადასხვა ტრანსპორტის და სარკინიგზო ხაზის მიქსს წარმოადგენს, პერსპექტივაში მაინც ძალიან დიდი შანსები აქვს ამ შუა დერეფანს, იქცეს ერთ-ერთ ყველაზე წამყვანად, მთელ ამ საკომუნიკაციო ლოგისტიკურ ქსელში. ამას წლები დასჭირდება, მაგრამ დღეს მიმდინარე პროცესებმა ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევის შანსები გაზარდა.

რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანებებში თავის ადგილი მონახოს. ჯერ არ ვიცით, რა კონტურები გამოიკვეთება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ ტიპის მოძრაობების, ახალი უსაფრთხოების ქოლგების, სარტყელების ჩამოყალიბება გარდაუვალი ეტაპია, ან ძველების განახლება, მაგალითად, NATO-ს გაფართოებას ვუყურებთ, და საქართველომ თავისი ადგილი თუ არ მონახა, რუსეთს ჩაყვება მოუსავლეთში“, - ამბობს ექსპერტი Europetime-თან. 

ცნობისთვის, თურქეთი და ყაზახეთი უპილოტო საფრენი აპარატების (Anka-ს) ერთობლივად წარმოებას იწყებენ. ერდოღანმა თურქეთის და ყაზახეთის „ძმურ ურთიერთობებს“ გაუსვა ხაზი. თავის მხრივ, თოყაევმა, კარიერულმა დიპლომატმა, თურქეთი ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად, ხოლო ერდოღანი „გონიერ და პატივსაცემ სახელმწიფო მოღვაწედ მოიხსენია - ლიდერად, „რომელსაც აქვს საკუთარი ხედვა“. ოფიციალური მოლაპარაკებების შემდეგ, ორმა ლიდერმა მაგიდის ჩოგბურთიც ითამაშა, როგორც ითქვა, თოყაევს 13 წლის განმავლობაში ყაზახეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

„პრეზიდენტმა თოყაევმა შეუპოვარი ხასიათი და ნება გამოავლინა ახალი ყაზახეთის ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მიმართულებით განხორციელებულ ყოვლისმომცველ რეფორმას და მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მოძმე ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა ყაზახეთში, იანვარში მომხდარ არეულობაზე საუბრისას. მხარეები ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაორმაგებას გეგმავენ - ამჟამინდელი 5 მილიარდი დოლარიდან 10 მილიარდ დოლარამდე, რაც ზუსტად იგივე ოდენობის თანხაა, რომელზეც ერდოღანმა ტაშკენტში ვიზიტის დროს, უზბეკეთთან მიმართებით მიუთითა.