რუსი სამხედროები, ხარკოვის შემოგარენს ტოვებენ, ამის შესახებ BBC ქალაქის მერ იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით წერს.
ტერეხოვის განცხადებით, სამხედროები მუდმივად ისროდნენ ხარკოვის მიმართულებით, მაგრამ ხუთი დღეა ქალაქი აღარ დაუბომბავთ. „ახლა ქალაქში სიმშვიდეა და ადამიანები თანდათან ბრუნდებიან. ჩვენ ყველას ვაწვდით წყალს, ბუნებრივ აირს და ელექტროენერგიას. თუმცა სამწუხაროდ, ხარკოვში ბევრი შენობა დანგრეულია ან დაზიანებული. სამომავლოდ რეკონსტრუქციის ჩატარება მოგვიწევს“, - აღნიშნავს ტერეხოვი.
ტერეხოვმა ასევე განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან რუსულმა შენაერთებმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს ქალაქის მცირე ნაწილის დაკავება და იქ დიდხანს არ დარჩენილან.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში, ხარკოვიდან ჯარების გაყვანის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
აშშ-ის „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსებმა 13 მაისს დაასკვნეს, რომ ხარკოვისთვის ბრძოლა სავარაუდოდ უკრაინამ მოიგო. ექსპერტების აზრით, რუსული ქვედანაყოფები ბოლო დღეებში არ ცდილობდნენ პოზიციების დაკავებას უკრაინული ძალების კონტრშეტევების ფონზე და ქალაქს დაშორდნენ.
ხარკოვი, რუსეთთან საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. რუსი სამხედროები ომის პირველივე დღეს მიუახლოვდნენ ქალაქს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ