რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, რუსული ძალები სლოვიანსკის მიმართულებით ახორციელებდნენ სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის საარტილერიო დაბომბვას დოვგენკეს, დოლინას და ჰუსარივკას დასახლებებში.
„დონეცკისა და ტავრიას მიმართულებებში მტერმა გამოიყენა ნაღმტყორცნები, არტილერია, სარაკეტო ყუმბარები და თვითმფრინავები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენების მიზნით,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ:
ვოლოდიმირ ზელენსკი: დღესდღეობით ვერავინ იწინასწარმეტყველებს, ომი რამდენ ხანს გაგრძელდება