ირანმა რუსეთს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში თანამშრომლობის რუკა გადასცა

ირანმა და რუსეთმა ნავთობისა და გაზის სექტორში თანამშრომლობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. თეირანმა მოსკოვს „თანამშრომლობის ბარათი“ გადასცა. ამის შესახებ ირანის ელჩმა მოსკოვში კაზემ ჯალალიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, მთავრობის სამუშაო დღის წესრიგი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ხელმძღვანელობს, რუსულ კომპანიებთან და რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობის გზების განხილვას ითვალისწინებს.

„მხარეებმა გამართეს მოლაპარაკებები და მიიღეს კარგი გადაწყვეტილებები, ნავთობისა და გაზის საბადოების განვითარების, აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების გადაცემის სფეროში, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობის არის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. რუსეთთან თანამშრომლობის ყოვლისმომცველი და სრული რუკაც კი შემუშავდა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებს გადაეცათ“, - განაცხადა ჯალალიმ.

„ირანის მთავრობა ყველა ძალისხმევას მიმართავს, რათა დაიბრუნოს და გაზარდოს ირანის ნავთობის წილი ბაზარზე“, განუცხადა IRNA-ს NIOC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰსენ ხოჯასტე მეჰრმა 14 აპრილს.

ირანის ნავთობის ინდუსტრია და მისი ექსპორტი 2018 წლის ზაფხულიდან, აშშ-ის სანქციების ქვეშაა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაშინგტონი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გაიყვანა და ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციები აღადგინა.

კონტექსტი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს. უკრაინა ახლა პრიორიტეტად თვლის რუსულ ნავთობზე სრულ ემბარგოს - ეს საკითხი ევროკავშირში აზრთასხვადასხვაობას იწვევს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა.  ეს არის პაკეტი, რომელმაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტი სრულად უნდა აკრძალოს, თუმცა რიგი ქვეყნების მხარს არ უჭერენ ევროკომისიის წინადადებას, მათ შორის არის უნგრეთი. 9 მაისს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. ამასთან, წყაროები წერენ, რომ უნგრეთის გარდა, ევროკავშირი სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს.

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს.

ირანის პოზიცია უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომზე

ირანს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ირანმა არ ცნო დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, მას არ გაუკრიტიკებია უკაინაზე რუსეთის თავდასხმა და თავი შეიკავა გაეროს გენერალური ასამბლეაზე რეზოლუციისთვის ხმის მიცემისგან, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს. თეირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ომის შედეგების შესაძლო გავლენებით შეშფოთებულია.